ვინ თქვა, მხედველობა ასაკთან ერთად უარესდებაო? ასე რომ იყოს, არც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბიჭუნას ჰარი პოტერს და არც მის მიმბაძველმილიონობით პატარა ონავარს არ ეკეთებოდა სათვალე. მართლაც, მხედველობის დარღვევა უამრავ ბავშვს აწუხებს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა სკოლის ასაკში, როცა მხედველობას ყველაზე მეტი დატვირთვა ადგება: დღეს ვრცელი მოთხრობაა წასაკითხი, ხვალ – მათემატიკის საკონტროლო დასაწერი...
სახელდობრ, რა წესები უნდა დაიცვას ბავშვმა მეცადინეობის დროს, რომ მხედველობას არ ავნოს?
– მხედველობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ბავშვს მხედველობის ჰიგიენის დაცვა და თვალების მოდუნება უნდა ვასწავლოთ. მეცადინეობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას: ოთახი მთლიანად უნდა იყოს განათებული, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ ამავე დროს ლოკალურ განათებასაც (მაგიდის ნათურის) გამოვიყენებთ. მხოლოდ ლოკალური განათება მხედველობისთვის მავნებელია. იმავე პრინციპით არ შეიძლება კომპიუტერის ეკრანისა და ტელევიზორის სიბნელეში ყურება. აუცილებელია თვალებსა და წიგნს შორის ოპტიმალური მანძილის დაცვა. მეცადინეობისას, სასურველია, ბავშვი ყოველ 40-45 წუთში ერთხელ 10 წუთით შევასვენოთ.
რამდენად მავნებელია კომპიუტერი მხედველობისთვის?
– კარგია, როდესაც ბავშვს სურს, იმუშაოს კომპიუტერთან და მეტი ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ მხედველობის გადატვირთვა არამც და არამც არ შეიძლება. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილი კომპიუტერთან რამდენიმე საათს ატარებს, ეს კი არამც და არამც არ შეიძლება. ბევრს ჰგონია, თუ მონიტორს დამცავ ეკრანს დაუყენებს, მხედველობის პრობლემა არ ემუქრება. სინამდვილეში პრობლემა სულ სხვა რამ არის. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალში წარმოიქმნება აკომოდაციის სპაზმი, რაც ერთსა და იმავე მანძილზე დაძაბული (კონცენტრირებული) ყურებით გახლავთ განპირობებული, ამ სპაზმმა კი, ადვილი შესაძლებელია, ახლომხედველობას დაუდოს სათავე. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ მონიტორთან მუშაობისას ადამიანი ჩვეულებრივზე იშვიათად ახამხამებს თვალებს. შედეგად ყალიბდება მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც თვალების სიმშრალით, წვით, სიწითლით ვლინდება. ბავშვებს მხედველობის პრობლემა რომ არ შეექმნათ, კომპიუტერთან ბევრი დრო არ უნდა დაყონ, ხოლო მუშაობისა თუ თამაშის დროს ხშირად შეისვენონ.
Comments